logo
ENG



"მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ" - ოცნება პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას არ უერთდება

15 ივნ 202214:19
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნება 16 ივნისს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც პარტიის ოფისში ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა ზურაბიშვილის ინიციატივა "არასერიოზულია".

"როცა შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, ბუნებრივია, იქნება სერიოზული ხარვეზები რაოდენობის, ლოჯისტიკის და ა.შ. კუთხით. ბუნებრივია, ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ინიციატივა"- თქვა კობახიძემ.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ "ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს".

"აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, როგორც მას თავადვე უწოდა, რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე"- ამბობს კობახიძე.

გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს რიყეზე აქცია დააანონსა.

20 ივნისს, ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა სირცხვილიამ აქცია "შინ, ევროპისკენ" დააანონსა. სალომე ზურაბიშვილმა თავისი აქცია 4 დღით ადრე დანიშნა.

 


close დახურვა